English / ქართული /








Journal number 4 ∘ Nika Chitishvili
“Dutch Disease” – Features of the Norwegian Model

The given article below analyzes Dutch Disease as a significant hampering issue on the way of economic development. This article aims to define Dutch Disease and demonstrate its problematic essence and at the same time to suggest solutions for this challenging matter. We scrutinize Dutch Disease and the ways for overcoming it, instruments, which enable decision-makers to pursue economic policy in a such direction, when short-term economic booms won’t be able to hinder economic development.

Keywords: Dutch Disease; Norwegian Model; Economic Security; Economic Boom.

„ჰოლანდიური დაავადება“ – ნორვეგიული მოდელის თავისებურებანი

ნაშრომში განხილულია „ჰოლანდიური დაავადება“, როგორც ეკონომიკის წარმატებით ფუნქციონირების ხელშემშლელი ფაქტორი, განხილულია, როგორც პრობლემა და მისი დამახასიათებელი ნიშნები. შემოთავაზებულია „ჰოლანდიური დაავადების“ დაძლევის ის ინსტრუმენტები, რომლითაც ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებს შეუძლიათ პოლიტიკის ისე წარმართვა, რომ მოკლევადიანმა ეკონომიკურმა ბუმმა ხელი არ შეუშალოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

საკვანძო სიტყვები: „ჰოლანდიური დაავადება“, ნორვეგიული მოდელი, ეკონომიკური უსაფრთხოება, ეკონომიკური ბუმი.

„ჰოლანდიური დაავადება“, როგორც ჯანსაღი ეკონომიკის ხელშემშელელი ფაქტორი, წარმოადგენს ეკონომიკური მეცნიერებისთვის სხვადასხვაგვარი მსჯელობის საკითხს. პირველ რიგში, აუცილებელია მისი არსისა და მისით „დაავადების“ მიზეზების ანალიზი, რის შემდეგაც შეიძლება ვიფიქროთ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე. აღნიშნული „დაავადების“ დაძლევისათვის საინტერესოა ნორვეგიული მოდელის, როგორც თანამედროვე ეკონომიკის „გადარჩენის“ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითის, ანალიზი. სტატიაში აღწერილია ნორვეგიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გავლენა „ჰოლანდიური დაავადების“ დაძლევაზე. აღნიშნული საკითხის აქტუალურობას განაპირობებს მისი თანამედროვე გამოვლინებები. მიუხედავად იმისა, რომ „ჰოლანდიური დაავადების“ თავდაპირველი ნიშნები XX საუკუნის შუა წლებში აღმოცენდა, ეს პრობლემა მსოფლიოს წინაშე კვლავაც დგას. შესაბამისად სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფოს ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკას აარიდოს „ჰოლანდიური დაავადება“ და, შესაბამისად, ეკონომიკისთვის მიყენებული მკვეთრი ზიანი.

„ჰოლანდიური დაავადების“ არსი

„ჰოლანდიური დაავადება“ გულისხმობს ეკონომიკის კონკრეტული დარგის განვითარების გავლენას სხვა სექტორში წარმოების შემცირებაზე. მაგალითად, როგორ შეიძლება ბუნებრივი რესურსების ზრდამ გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის ან მრეწველობის პროდუქციის შემცირება.

ტერმინი – „ჰოლანდიური დაავადება“ შემოღებულ იქნა 1977 წელს. ის 1950-იან წლებში ნიდერლანდების სამეფოში, გრონონგენის რეგიონში აღმოჩენილ გაზის საბადოს უკავშირდება. საბადოს აღმოჩენის შემდეგ ქვეყანაში წარმოიშვა გაზის ექპორტის ბუმი, რამაც გამოიწვია ინფლაცია და მრეწველობის დარგის მკვეთრი შემცირება. სხვაგვარად „ჰოლანდიური დაავადება“ ასეც განიმარტება: ეროვნული ეკონომიკის დეინდუსტრიალიზაცია გამოწვეული, ბუნებრივი რესურსების აღმოჩენის შედეგად ეროვნული ვალუტის ღირებულების ზრდით, რაც მრეწველობის დარგს ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის სხვა ქვეყნის ანალოგიურ დარგთან შედარებით, იმპორტის ზრდისა და ექსპორტის შემცირების ხარჯზე. აღნიშნულ ეკონომიკურ მოვლენას „ჰოლანდიური დაავადება“ ეწოდა იმიტომ, რომ პირველად ამ თემაზე მსჯელობა სწორედ აღნიშნული ქვეყნის მაგალითზე გაიმართა, თუმცა, დღემდე სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა „ჰოლანდიური დაავადების“ ნიშნები [1, გვ.3], მათ შორისაა, მაგალითად, ავსტრალია, სადაც დღესაც მსჯელობენ სამთო მრეწველობასთან დაკავშირებულ „ჰოლანდიურ დაავადებაზე“.

რესურსების ბუმი ეკონომიკის დანარჩენ ნაწილზე ორგვარ ზემოქმედებას ახდენს, ესენია: მობილობის ეფექტი და ხარჯვითი ეფექტი [2, გვ7]

  • რესურსების მობილობის ეფექტი: ენერგოსექტორში ფასების ზრდა იწვევს ამ სექტორში შრომის ზღვრული პროდუქტის ღირებულების ზრდას, რაც, თავის მხრივ, ზრდის წონასწორულ ხელფასს. აღნიშნული გარემოება ქმნის პირობებს შრომის გადინებისთვის ენერგო სექტორისკენ როგორც სამეწარმეო, ასევე არასავაჭრო დარგებიდან. შედეგად ხდება შრომითი რესურსისგან დაცლილი დარგების (განსაკუთრებით შრომატევადი წარმოების შემთხვევაში) შევიწროება.
  • ხარჯვითი ეფექტი: ბუნებრივი რესურსების ბუმი, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს აღნიშნულ ბუნებრივ რესურსებზე მსოფლიო ფასის ზრდით ან ახალი მარაგების აღმოჩენით, იწვევს ქვეყნის შემოსავლის ზრდას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს იმპორტის ზრდას როგორც სავაჭრო, ასევე არასავაჭრო სფეროში. წარმოების ფასები, ისევე როგორც ხელფასები, საერთაშორისო ფასების ადეკვატურად იწევს მაღლა, რაც აჩვენებს რეალურ კავშირს გაცვლით კურსთან. ამ ყველაფრის საფუძველზე თანდათანობით ხდება შრომისა და კაპიტალის გამოდევნა მრეწველობიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის ექსპორტის ხარჯზე მოკლევადიან პერიოდში მიიღწევა ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, რასაც პრაქტიკულად ადასტურებს, გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა აღნიშნული პროცესი რისკის შემცველიც იყოს და ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზადაც გამოვლინდეს.

 „ჰოლანდიური დაავადების“ ეფექტი დროის სხვადასხვა პერიოდში

როგორც ცნობილია, ეკონომიკური მოდელების მიხედვით, ქვეყანა უნდა დასპეციალიზდეს იმ დარგში, რომელშიც მისი შეფარდებითი უპირატესობა იკვეთება. ანუ, თეორიულად, ქვეყანა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, უკეთესი იქნება, თუ დასპეციალიზდება ბუნებრივი რესურსების გადამუშავებით, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბუნებრივი რესურსების ამოწურვის, ან ბაზარზე მისი ფასის მკვეთრი შემცირების შემთხვევაში, რთულია „მიტოვებული“ მრეწველობისკენ დაბრუნება. შეუძლებელია სწრაფად აღორძინდეს მრეწველობის დარგი იმიტომ, რომ ის მრეწველობა დამოკიდებულია „სწავლება-კეთებით“ (learning-by-doing) პროცესზე, რაც მიანიშნებს დარგის გრძელვადიან და მრავალმხრივ განვითარებაზე, რომლის სწრაფად აღდგენა და, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მიღწევა მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია. ეს შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკისთვისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.

„ჰოლანდიური დაავადების“ ეფექტი დროის სხვადასხვა პერიოდში გრაფიკულად შემდეგნაირად გამოისახება:

მოცემულ გრაფიკზე აისახება მთლიანი შიგა პროდუქტის (ორდინატთა ღერძი) დამოკიდებულება დამოკიდებულება (G1, G2) დროის პერიოდზე (აბსცისათა ღერძი). როგორც ვხედავთ, მოკლევადიან პერიოდში (A) ბუნებრივი რესურსების ბუმს შეუძლია მშპ-ს და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, თუმცა გრძელვადიანი პერიოდის განხილვისას (B) ნათელია, რომ ბუნებრივი რესურსების ბუმის არარსებობისას; ეკონომიკას განვითარების უკეთეს ნიშნულამდე შეუძლია მიღწევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სწრაფად შემოსული დიდი რაოდენობით ფული და მკვეთრად გამყარებული ვალუტა გრძელვადიან პერიოდში ხელს არ უწყობს ეკონომიკის ბუნებრივ განვითარებას, ვინაიდან ეკონომიკა დამოკიდებულია არა მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ ფაქტორზე ან დარგზე, არამედ საჭიროებს კომპლექსურ და სისტემურ განვითარებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, „ჰოლანდიური დაავადების“ კიდევ ერთი უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს ინვესტიციების შემცირება, რამდენადაც მომავალ ინვესტორებს არ აქვთ ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის განცდა და არ იციან როგორი იქნება მხოლოდ ბუნებრივი რესურსების წარმოებაზე დამოკიდებული ეკონომიკის სამომავლო მდგომარეობა. ამიტომ ისინი ამცირებენ ან სრულად წყვეტენ ინვესტიციების განხორციელებას. ასევე, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს კორუფციის და ჩამორჩენილ დარგებთან მიმართებით პროტექციონისტული პოლიტიკის გატარების გამო.

 „ჰოლანდიური დაავადების“ აცილების გზები

 არსებობს „ჰოლანდიური დაავადებით“ გამოწვეული საფრთხის აცილების ორი ძირითადი გზა: რეალური გაცვლითი კურსის ზრდის შენელება და წარმოების სხვადასხვა დარგის კონკურენტუნარიანობის წახალისება.

პირველი ითვალისწინებს სწრაფი ზრდით მიღებული შემოსავლის სტერილიზაციას, ანუ მიღებული შემოსავლის შემოტანას ქვეყანაში არა ერთდროულად, არამედ საზღვარგარეთ ფონდებში შენახვას და ნელნელა შემოტანას. ასეთ შემთხვევაში სტერილიზაცია შეამცირებს ხარჯვით ეფექტს. ამასთანავე, შემოსავლების ნელ-ნელა შემოდინება ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურობას და მდგრადობას წლიდან წლამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკას მკვეთრ ძვრებს ააცილებს. ასეთი ფონდების გამოცდილება უკვე გააჩნიათ ქვეყნებს – ნორვეგია (ნორვეგიის მთავრობის საპენსიო ფონდი), რუსეთი (რუსეთის ფედერაციის სტაბილიზაციის ფონდი), აზერბაიჯანი (აზერბაიჯანის ნავთობის ფონდი), ქუვეითი (ქუვეითის მომავალი თაობის ფონდი) და ა.შ.

ბიუჯეტის გადაჭარბების შემთხვევაში, რეალური სავალუტო კურსის ზრდის შენელებისთვის სახელმწიფომ შესაძლებელია წაახალისოს კერძო პირები, ფირმები და ფერმერული მეურნეობები, რომ გაზარდონ დანაზოგების რაოდენობა, რაც შესაძლებელია საშემოსავლო და მოგების გადასახადის შემცირების გზით.

რაც შეეხება მრეწველობის დარგების კონკურენტუნარიანობის წახალისებას, ეს შესაძლებელია განათლების დონის ამაღლების და ინფრასტრუქტურის განვითარებით.

„ჰოლანდიური დაავადების“ ნორვეგიული მაგალითი

 „ჰოლანდიურ დაავადებაზე“ მსჯელობისას მნიშვნელოვანია ნორვეგიის მაგალითის განხილვა. ნორვეგია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა, დგას „ჰოლანდიური დაავადებით“ დაინფიცირების ზღვარზე, ამიტომ, საინტერესოა სახელმწიფო რეგულირებისა და იმ ბერკეტების განხილვა, რომლითაც მთავრობა ახერხებს რისკების მაქსიმალურ შეზღუდვასა და სტაბილური ეკონომიკის შენარჩუნებას.

ნორვეგიის მთავრობიამ შექმნა „«ნორვეგიის ნავთობის ფონდი“, რომელსაც შემდეგ შეეცვალა სახელი და დაერქვა „ნორვეგიის მთავრობის საპენსიო ფონდი“. მასში ხდება ნავთობით მიღებული შემოსავლის ინვესტირება, რათა სარგებელი მიიღოს როგორც ახლანდელმა, ასევე მომავალმა თაობამ. სახელმწიფოს შეუძლია წლის განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებზე ფონდში დაგროვილი თანხის მხოლოდ 4%-ის ხარჯვა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს სახელმწიფოს გრძელვადიან გეგმებზე.

მთავრობის საპენსიო ფონდი 7000-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიაში შემოსავლების ინვესტირებით ახორციელებს როგორც შემოსავლების გადანაწილებას, ასევე შემოდინების დასტაბილურებას და მიღებული შემოსავლების კიდევ უფრო ზრდას. The Norwegian Government Pension Fung Global (GPFP)-ს ამ დროისთვის დაახლოებით 56 მლრდ გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია აქვს განხორციელებული გაერთიანებული სამეფოს უძრავ ქონებასა და საფონდო ბირჟაზე, რაც ფონდს ბრიტანეთის საფონდო ბირჟის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად აქცევს. ფონდი სტრატეგიულად 60%-ს აქციებში აბანდებს, 35%-ს ობილიგაციებში, ხოლო 5%-ს უძრავ ქონებაში.

ნორვეგიის მაგალითზე კარგად ჩანს ზემოთ ნახსენები „ჰოლანდიური დაავადების“ აცილების პირველი საშუალება, რომელიც ითვალისწინებს სწრაფი ზრდით მიღებული შემოსავლების სტერილიზაციას, ანუ ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ნავთობით მიღებული შემოსავლები მოხმარდება ნორვეგიელ ხალხს, როგორც თანამედროვე ეპოქაში, ასევე ახლო თუ შორეულ მომავალში. ამასთანავე, შემოსავლების გადანაწილების საფუძველზე აცილებულ იქნა ქვეყნისთვის ნავთობის საბადოს აღმოჩენით მისაღები ეკონომიკური შოკი. ნორვეგიის მთავრობის მიერ შემოსავლების მსგავსი გადანაწილება მთლიანობაში ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და მდგრადობას.

 „ჰოლანდიური დაავადების“ ნიშნები საქართველოში

 „ჰოლანდიური დაავადების“ შესახებ ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში არც თუ ბევრი კვლევაა ჩატარებული. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საკითხზე დაიწყო მსჯელობა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავაა, რომელიც აღწერს, რომ „ჰოლანდიური დაავადების“ მკვეთრი ნიშნები საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში შეინიშნებოდა, რაც უკავშირდება კორუფციაში ბრალდებული თანამდებობის პირების მიერ თავისუფლების საფასურის გადახდისთვის დოლარში შენახული თანხების ლარში გადაცვლას და ქვეყანაში შემოტანას [3, გვ 268-273], ასევე მსჯელობაა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების გზავნილების გავლენაზეც.

დგას თუ არა დღეს საქართველო „ჰოლანდიური დაავადების“ შეყრის ზღვარზე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი განსჯის საგანია. უპირველეს ყოვლისა, უნდა განვიხილოთ ის რისკფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყანაში უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება. არ იქნება ლოგიკას მოკლებული, თუ ვიტყვით, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ, შესაძლოა, უცხოური ვალუტის შემოდინებამ მკვეთრად იმატოს, თუმცა სამსჯელოა ის, თუ რამდენად იქნება ეს საკმარისი „ჰოლანდიური დაავადების“ შეყრისთვის.

* * *

დასკვნის სახით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ „ჰოლანდიური დაავადება“ თავისი არსით, საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდეს ქვეყნის ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შესაძლოა მისი შემჩნევა არ იყოს მარტივი. აუცილებელია, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა, რომელიც განაპირობებს უცხოური ვალუტის შემოდინებას და ქვეყნის ვალუტის მკვეთრ გამყარებას, სწორად გაანალიზდეს და დადგინდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. როგორც კვლევამ აჩვენა, ნორვეგიამ მოახერხა ეკონომიკური ინსტრუმენტების სწორად გამოყენება და ეკონომიკური პოლიტიკის ისეთი მიმართულებით წარმართვა, რამაც განაპირობა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.  საქართველოსთვის „ჰოლანდიური დაავადება“ ჯერ კიდევ ახალია, თუმცა, ვფიქრობთ, მისი შესწავლა აუცილებელია, რათა სამომავლოდ მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული „ჰოლანდიური დაავადებით“ გამოწვეული რისკები. ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა არ დადგეს ბუნებრივი რესურსების აღმოჩენით მიღებული ექპორტის ბუმი (თუმცა, არც ეს არის გამორიცხული), მაგრამ შესაძლოა ევროპის ბაზრის გახსნამ, გზავნილების მკვეთრმა მატებამ, მართლაც დააყენოს საქართველო „ჰოლანდიური დაავადების“ შეყრის ზღვარზე, ამიტომ ყოველივე ზემოაღნიშნული სწორად უნდა იქნეს აღქმული, რათა ხელი არ შეეშალოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს. ნაშრომში განხილული მაგალითების მიხედვით, ასეა თუ ისეა, შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის განხილვისას სწორად იქნეს გაანალიზებული ეკონომიკური პოლიტიკის ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელს შესაძლებლობას მისცემს „ჰოლანდიური დაავადების“ ნიშნების გაჩენისთანავე, სწორი პროგნოზირებით, საჭიროებისამებრ, შესაბამისი ეკონომიკური ღონისძიებები განახორციელოს.

ლიტერატურა:

1. პაპავა ვ. არატრადიციული ეკონომიქსი, თბილისი, 2011.

2. Vostroknutova E. Brahmbhatt M. Canuto O. Dealing with Dutch Disease2010.

3. ასათიანი რ. თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია, თბილისი, 2014.